logo
ENG



ჯაფარიძე "შერიგებაზე": ამ განწირულ პროცესში შესვლა ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლის მოტყუებაა

16 დეკ 202114:59
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე "შერიგებაზე": ამ განწირულ პროცესში შესვლა ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლის მოტყუებაა

პარტია მეტი თავისუფლება გირჩის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ სამოქალაქო თანხმობის საკითხი, რომელშიც მედიატორის როლს სალომე ზურაბიშვილი თამაშობს, წინასწარ განწირულია და ამ პროცესში შესვლა ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლისა და თავის მოტყუებაა.

"ასეთ წინასწარ განწირულ პროცესში შესვლა ოპოზიციის მხრიდან ნიშნავს ერთი მხრივ საკუთარი თავის და ამომრჩევლის მოტყუებას, თითქოს ბიძინასთან/ოცნებასთან მოლაპარაკება ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო საკითხზე შესაძლებელია, ისე რომ უკან ანგარიშგასაწევი ძალა არ გედგეს, ხოლო მეორე მხრივ ნიშნავს საკუთარი სისუსტის საჯარო დემონსტრირებას, როცა ბოლო მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმება თავზე გადაგახიეს, ისე რომ ამისთვის არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაუხდიათ, და, მიუხედავად ამისა, მაინც იგივე წყალში ცდილობ მეორედ შესვლას." - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, "შერიგების" პროცესის განწირულობის ერთერთი მიზეზია ის, რომ ზურაბიშვილს პოლიტიკური წონა არ გააჩნია.

"სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა უჭირავს, არ გააჩნია შესაბამისი არც წონა და არც პოლიტიკური კაპიტალი, რომ ამ ვითარებაში რაიმე პოზიტიური როლი შეასრულოს. შესაბამისად, მთელი ეს ‘შერიგების’ პროცესი არის აპრიორი განწირული და ემსახურება მხოლოდ დემოკრატიული პროცესის ილუზიის შექმნას, თითქოს ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც ვინმე რამეს ეკითხება. იმას, რაც ვერ შესძლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვერაფერს უზამს სალომე ზურაბიშვილი." - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ შერიგებისთვის საჭიროა ორივე მხარეს ჰქონდეს ერთი მიზანი, რაც საქართველოს შემთხვევაში არ გვაქვს სახეზე, ამიტომ შერიგება შესაძელებელი იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩაერევა მესამე ძალა. 

ჯაფარიძის თქმით, მესამე ძალა შესაძლოა ყოფილიყო დასავლეთი ან პატრიარქი, თუმცა, მისი თქმით, ივანიშვილს და მის პარტიას დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება არ ადარდებთ, ხოლო პატრიარქი ოცნებასთან "ჩახუტებულია" და მას საკუთარი კაპიტალის გასაზრდელად იყენებს.

ასეთ მოცემულობაში ‘შერიგება’ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეებს ამის გაკეთებას ‘დააძალებს’ მესამე, წონიანი, ავტორიტეტიანი ძალა. ასეთი შეიძლება ყოფილიყო დასავლეთი. ამის მცდელობა იყო 19 აპრილის შეთანხმება. მაგრამ არ გამოვიდა და არ გამოვა, რადგან ბიძინას/ოცნებას არ ადარდებს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება. ასეთი შეიძლება ყოფილიყო პარტიარქი, მაგრამ ის ამას არ იზამს, რადგან ბოლომდე ჩახუტებულია ბიძინა/ოცნებასთან და იყენებს მას/ამ პოლიტიკურ ძალას საკუთარი პოლიტიკური და მატერიალური კაპიტალის გასაზრდელად. ერთნი არიან." - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ოცნება ძალაუფლების ბერკეტებს არ დათმობს და ძალების მობილიზების გარეშე, კიდევ უფრო გაიმყარებს ძალაუფლებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, რისი ნაწილიცაა აზარტული თამაშების რეკლამების აკრძალვა, რაც ოპოზიციური მედიის შემოსავლებს ამცირებს, ასევე, სასამართლო პროცესები ყველა რეიტინგული ოპოზიციური არხის მფლობელის წინააღმდეგ.

"ან მოვიკრებთ ძალას და წავართმევთ, რასაც მეთოდური მუშაობა სჭირდება, ან გავაგრძელებთ ტყუილში ცხოვრებას და ის/ისინი გააგრძლებენ ჭამას და ამ ქვეყნის ჭაობში ჩაძირვას." - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".

იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა". 

"როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით", - თქვა კობახიძემ. 

11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "პრეზიდენტების შეხვედრა" შესთავაზა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ სამოქალაქო თანხმობაზე საუბარი ფუნდამენტურ პრინციპებზე შეთანხმებას გულისხმობს. როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო თანხმობაზე საუბარი "რუსთაველის გამზირზე სეირნობას არ ნიშნავს".

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბევრი ადამიანი საუბრობს, ვინ ვის უნდა შეურიგდეს. აქ შერიგებაზე არაა... სამოქალაქო თანხმობაზე როდესაც ვსაუბრობთ, სამოქალაქო თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ ხელიხელ ჩაკიდებულებმა ვისეირნოთ მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირზე. ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტურ პრინციპებზე შევთანხმდეთ და ასე იმართებოდეს სახელმწიფო", - ამბობს მელია.


close დახურვა